შსს-ს აკადემიის მაგისტრებმა საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ლექციები ჩაუტარეს   2017-04-12

შსს-ს აკადემიაში, „კურსდამთავრებულთა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, ამავე სასწავლებლის მაგისტრებმა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს ლექციები წაუკითხეს.

 

შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ სტუდენტებს „კურსდამთავრებულთა საზოგადოების“ წევრები წარუდგინა და აღნიშნა, რომ აკადემიის ისტორიაში პირველად ხდება, როცა მაგისტრებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მომავალი თაობისთვის გაზიარების საშუალება ეძლევათ.   

 

ლექციები სისხლის სამართლის კერძო ნაწილის, საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალის და აგენტურულ-ოპერატიული საქმიანობის თემაზე ჩატარდა.

 

პროექტის ფარგლებში,  ასევე,  შეხვედრა გაიმართა აკადემიის 2001 წლის გამოშვების კურსდამთავრებულთან, შსს-ს აკადემიის ამჟამინდელ პრორექტორთან, ივანე პაპიაშვილთან, რომელიც სტუდენტებს ევროპული ქვეყნებისა და საქართველოს პოლიციის სტრუქტურებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.

 

მაგისტრებმა აკადემიის ხელმძღვანელებს გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათი კარიერული განვითარებისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მეტად მნიშვნელოვანია.