შსს აკადემიაში სალექციო კურსი ახლადგარემონტებულ აუდიტორიებში ტარდება. აკადემიაში ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ინტერნეტისა და კომპიუტერების ცენტრი, საცეცხლე მომზადებისათვის განკუთვნილი ტირი, სატრენაჟორო დარბაზი და საშხაპეები.

თავდაცვითი ტაქტიკის სწავლებისათვის გამოიყენება აშშ-ს საელჩოს მიერ აკადემიისთვის შეძენილი “Redman”-ისა (ინსტრუქტორებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური სავარჯიშო კოსტიუმები) და "ფეინთბოლის" სრული აღჭურვილობა; “Redman”-ის სპეციალური სავარჯიშო კოსტიუმების მეშვეობით მსმენელები სწავლობენ თავდაცვითი ტაქტიკის სხვადასხვა მეთოდებს. ინსტრუქტორებს შემუშავებული აქვთ დამნაშავის დაკავების სპეციალური სცენარი, რომლის მიხედვითაც ,,ფეინთბოლის” საშუალებით მიმდინარეობს როლური თამაში.
სატრენაჟორო დარბაზი და საშხაპეები - აკადემიაში ასევე ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, სადაც განთავსებულია თანამედროვე ტრენაჟორები. მსმენელებს კვირაში სამჯერ უტარდებათ ფიზიკური მომზადება, რის შემდეგაც ისინი უზრუნველყოფილნი არიან საშხაპეებით.
ბიბლიოთეკა – აკადემიის ბიბლიოთეკა აღჭურვილია 30 000 - ზე მეტი ქართული, რუსული, ინგლისური და სხვა ენოვანი წიგნებით, სახელმძღვანელოებითა და ჟურნალებით. პედაგოგებს, ისევე როგორც მსმენელებს, საშუალება ეძლევათ, გაეცნონ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და ისარგებლონ მათთვის საჭირო სახელმძღვანელოებით. ბიბლიოთეკის გამოყენება ასევე შეუძლიათ შსს-ს მოქმედ თანამშრომლებს.
სპეციალური მომზადების ცენტრში ასევე მოქმედებს ბიბლიოთეკა, რომელშიც მოთავსებულია როგორც ყოფილი უშიშროების სამინისტროს აკადემიის ბიბლიოთეკა, ასევე სპეცსამსახურების თანამშრომლებისათვის საჭირო თანამედროვე სახელმძღვანელოები. ამ ბიბლიოთეკით აქტიურად სარგებლობენ სპეციალური მომზადების ცენტრის მსმენელები, ვინაიდან მათ ეკრძალებათ ცენტრიდან ლიტერატურის გატანა.

ინტერნეტისა და კომპიუტერების ცენტრი - აკადემია აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ცენტრით, რომელსაც 52 სამუშაო ადგილი აქვს. მსმენელებს შეუძლიათ ისარგებლონ ინტერნეტით. აკადემიისთვის აღნიშნული აპარატურის ნაწილი შეიძინა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.
 ტირი - ტირში საცეცხლე მომზადება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი თანამედროვე ტირის მოწყობა აკადემიის ტერიტორიაზე. სპეციალური მომზადების ცენტრში უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტირი; ტირში არის მოძრავი სამიზნეები, რომლითაც მსროლელს აქვს საშუალება არეგულიროს სამიზნის მანძილი. ასევე არის იარაღის საწმენდი ოთახი, აუდიტორია, სადაც ტარდება იარაღის კურსები, ფოიე, სადაც მსროლელს აქვს შესაძლებლობა დაისვენოს და სროლისთვის მოემზადოს.
|